სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა ქმედება პოლიტიზირებულია, ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას საქართველოს ნაწილად განიხილავს, რაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომაა, – ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა გაზეთ „სამხრეთ ოსეთთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“რატომ არ ვურთიერთობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან? რადგანაც მისი ყველა ქმედება მკაცრად არის პოლიტიზირებული. მათ არ სურთ, გააცნობიერონ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და სამშვიდობოების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიას საქართველოს შემადგენლობაში განიხილავენ. ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომა“, – აღნიშნა ბიბილოვმა.
მისივე თქმით, რუსეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ საქართველომ და პირადად მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობისა და „სამშვიდობოების“ მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგონ.