ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე „არასერიოზულს და ბრიყვულ თავის მართლებას“ უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ გიორგი რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის. ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერებმა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში უნდა იმეცადინონ.
“მორიგი არასერიოზული ბრიყვული თავის მართლებაა, როცა ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დოკუმენტში რურუას გვარი არ წერიაო, მაგრამ რომ წერია, რომ უნდა შეწყდეს მედიასაშუალებების მფლობელებზე დევნა? ვინ არის აქციონერი “მთავარი არხის”? მაინცდამაინც რურუა უნდა ეწეროს გვერდით? რომ წერია, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებული არ არის? ანუ კვლავ არის ქვეყანაში პოლიტპატიმარი, როგორ უნდა გავიგოთ ეს? ელემენტარულად წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლია “ქართული ოცნების” ლიდერებს და როგორც სჩანს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თუ მან ეს თქვა.
ამიტომ სჯობს იმეცადინონ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში. წერია და გამგები ამას გაიგებს, თუ რა წერია. თუ მთავრობას არ უნდა გაიგოს, მაშინ გააგებინებენ, არსებობს უამრავი სხვა მეთოდი, მათ შორის, პერსონალური სანქციები, რომლის შესახებ უკვე ალაპარაკდა აშშ- ის კონგრესი და დოკუმენტიც არის მიღებული. სამწუხაროდ, ჯერ პერსონალური სანქციების მუქარა არის თავდაცვის ბიუჯეტში ჩვენთვის დახმარების გაყინვის სახით, შემდეგ ეს გადაიზრდება იმ ადამიანზე პერსონალური სანქციების დაწესებაში, რომელიც უკანონოდ და კონსტიტუციის დარღვევით მართავს ქვეყანას,”- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისათვის, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით შესწორება მომზადდა, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა პირველი კენჭისყრით მიიღო. შესწორებაში საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე, კანონის უზენაესობის აღსრულებასა და მედიათავისუფლებაზე.ევროპარლამენტი მხარეებს 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულებისკენ მოუწოდებს; ასევე, მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების ფაქტს და მას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.