სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძლოა პროკურატურას მიმართონ თხოვნით, საქმის მასალებს გამოძიების რეჟიმში გაცნობის მიზნით.
როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს.
„ჟუნალისტებიც აქტიურად აშუქებენ იმ შეკითხვებს, რაც საქმის გარშემო არსებობს. თუმცა, სახალხო დამცველი ალბათ, უახლოეს დღეებში დაასრულებს შეხვედრებს და ბრალდებულების მონახულებას. შაქარაშვილის ოჯახის წევრებთანაც გვქნება კომუნიკაცია. ამის შემდგომ უკვე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, უკვე რა ფორმით გავაგრძელებთ ამ საქმეში ჩართულობას. არ გამოვრიცხავთ, რომ პროკურატურას მივმართოთ თხოვნით, გაგვაცნოს საქმის მასალები და მიმდინარე რეჟიმში გავეცნოთ გამოძიების საქმის მასალებს. თუმცა, პირველ რიგში, უნდა ვესაუბრო ოჯახის წევრებს და მათგან მივიღო ინფორმაცია იმ შეკითხვების შესახებ, რაც მათ აქვთ და რის გამოც მათ შეიძლება უნოდეთ სახალხო დამცველის ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.