პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩებზე მცხოვრებლებმა პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხს ეხება.
ოხანაშვილის თქმით, მოსახლეობა პარლამენტს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების განმეორებით ჩადენაზე ჯარიმების გზარდას სთავაზობს.
„ეს არის წარმოდგენილი წინადადების სახით, კანონპროექტის სახით არ არის და წიდადადების ავტორები გვთავაზობენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, კერძოდ, დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივ-საჯარო დაწესებულების ქონებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების განმეორებით ჩადენისთვის განსაზღვრული ჯარიმების გაზრდას. შესაბამისად, ეს არის გამოწვევა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის განმარტებით, თბილისის მერია აღნიშნული საკითხების მოწესრიგების თვალსაზრისით ძალიან აქტიურად მუშაობს, თუმცა, მისივე შეფასებით, არსებობს საკითხები, რომლებიც სამწუხაროდ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას საჭიროებს.
„ამიტომ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიცია გექნებათ. საკითხი დგას შემდეგნაირად, რომ ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ამ წინადადებას, ვინაიდან ეს არის ჩვენი საზოგადოების, კერძოდ, ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე მცხოვრებ პირთა ინტერესებში, რომ მათ დავეხმაროთ და სანქციები გაიზარდოს. როგორ გაიზრდება სანქციები, ამაზე უკვე კანონპროექტის დაინიცირების პროცესში, კომიტეტის ფარგლებში შეგვიძლია ვიმსჯელოთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.