სირცხვილია მედიის დადანაშაულება ამაში, რომ თურმე ამ დროს შესაძლებელია სხვას რეალურად სჭირდებოდეს და ჩვენ მოვაცდინეთ, – ასე ეხმაურება “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციის” წამყვანი, ინგა გრიგოლია შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო გიორგობიანს
“ჩემო ნინო, ახლა მე პირდაპირი ეთერიდან გიპასუხებ. ძალიან უხერხული სტატუსია, სირცხვილია მედიის დადანაშაულება ამაში, რომ თურმე ამ დროს შესაძლებელია სხვას რეალურად სჭირდებოდეს და ჩვენ მოვაცდინეთ. იცით, რატომ ვატარებთ ამდაგვარ ექსპერიმენტებს? – იმიტომ, რომ არ გვჯერა, რომ ავთენტურია ის ზარი, რომელიც გაასაჯაროვა თქვენმა სტრუქტურამ.
ნინო, შენ ხარ ჟურნალისტი, ყოველ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, ყოფილი ჟურნალისტი და ყოფილი ჟურნალისტისგან უხერხულია ამგვარი თავდასხმა ტელევიზიაზე. ხოლო, რამდენი კითხვებიც გვაქვს შსს-თან, ამის მიხედვით ექსპერიმენტსაც ჩავატრებთ და თუ რაიმეს დანაშაულს ჩავდივართ, კანონით გვაგებინეთ პასუხი. ნინო, “ოცნება” ყოველთვის არ იქნება და არც შენ არ იქნები ყოველთვის ამ თანამდებობაზე. ამიტომ, ჟურნალისტებზე თავდასხმას იქნებ შეეშვა და პასუხები გაგვცეს შსს-მ იმ კითხვებზე, რაც გვაქვს”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ შემდეგი განცხადება გაავრცელა:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი.
რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
პოსტი სოციალურ ქსელში ანალოგიური ტექსტით ნინო გიორგობიანმაც გამოაქვეყნა.