„ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თავად “პატრიოტთა ალიანსს” არ ებრძვის, ეს „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე არ ვებრძვი „პატრიოტთა ალიანსს“, მით უმეტეს, ქალბატონ ირმას და არც შევებრძოლები, თუ ეს პარტია „ქართულ ოცნებას“ შეებრძოლება და არა ოპოზიციას. ჩემი ამოცანა არასოდეს ყოფილა რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ბრძოლა. სხვათა შორის, ახლაც, როცა გვსაყვედურობენ და გვეუბნებიან, ახლა, ამ წინასაარჩევნოდ რატომ არ ებრძვით „ნაციონალურ მოძრაობასო“, მე ვამბობ – ოპოზიცია უნდა ებრძოდეს ხელისუფლებას.
ოპოზიცია, რომელიც ოპოზიციას ებრძვის, მისთვის ეს ოპოზიცია რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, არღვევს პოლიტიკურ ლოგიკას, რადგან დედამიწის ზურგზე ოპოზიცია ოპოზიციას არსად არ ებრძვის და ოპოზიცია ხელისუფლებას ებრძვის. მე რომ ახლა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას შევებრძოლო, იქნება ეს ქალბატონ ინაშვილის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, ბატონი კახა კუკავას პარტია თუ სხვა, ეს „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება, რასაც მე უბრალოდ, არ ვაპირებ“ – განაცხადა ბურჯანაძემ.