რუსეთში არ წყდება საუბრები, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში, აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის და დონბასის რუსეთთან მიერთების თაობაზე. სოხუმში მკვეთრად უარყოფითი რეაქციებია. სოხუმი აცხადებს, რომ რუსეთთან შეერთების საკითხი არ განიხლება. თბილისში კი არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი განცხადებები აფხაზეთის ახალ, ე.წ. ხელისუფლებაზე ზეწოლის პოლიტიკაა.
ცნობისათვის, მწერალი ზახარ პრილეპინი, რომელმაც ახლახანს დააარსა პარტია არაღიარებული ან ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკების შემოერთების გზით რუსეთის ტერიტორიის გაფართოების იდეით გამოვიდა. მისი თქმით, რუსეთის კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ რუსეთს უფლება აქვს ნებისმიერი ტერიტორია შემოიერთოს, რომლის მოსახლეობის არანაკლებ 75 პროცენტი აღნიშნულ ინიციატივას დაუჭერს მხარს. მსგავსი განცხადება გააკეთა ასევე აღმოსავლეთ უკრაინის არაღიარებული დონეცკის და ლუგანსკის რუსეთთან შესაძლო შეერთების შესახებ, “დონეცკის რესპუბლიკის” ყოფილმა “პრემიერმა” ალექსანდრ ბოროდაიმ.
ბოროდაის და პრილეპინის ამ წინადადაებას არაერთგავროვანი რეაქციებით შეხვდნენ რუსულ სოციალურ ქსელში. გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ეს არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე. საუბარი ეხება კრემლის ბოლოდროინდელ ინიციატივას ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც პუტინი ხელისუფლებაში ყოფნის ვადას 2036 წლამდე იხანგრძლივებს. პუტინის ამ ნაბიჯს გარკვეულ წრეებში კრიტიკულად შეხვდნენ. აფხაზი, ე.წ. დეპუტატები აცხადებენ, რომ მსგავსი ინიციატივები უკიდურესად ნეგატიურად აღიქმება აფხაზეთის ხალხის მიერ და ხელს არ უწყობს ჩვენს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას”.
გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს აფხაზეთის ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით კი ახალ პრეზიდენტ ასლან ბჟანიაზე ზეწოლის პოლიტიკის ნაწილი მოსკოვის მხრიდან. ის დარწმუნებულია, რომ კრემლი ზეწოლას აფხაზებზე აუცილებლად გააგრძელებს.