ახალი ამბები მთავარი

“გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით ვუხსნით საზღვარს საფრანგეთს, სადაც საშინელი პანდემია იყო და ჩაკეტილია საზღვარი მონტენეგროსთვის, სადაც ვირუსი არ გავრცელებულა” -გოცირიძე

რა თქმა უნდა, საზღვრების გახსნა აუცილებელი იყო, მაგრამ გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ 5 ქვეყანას გაუხსნან საზღვარი უპირობოდ, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საზღვარი უნდა გაიხსნას უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება კი შეიცავს სერიოზულ რისკებს.

“რა თქმა უნდა, საზღვრების გახსნა აუცილებელი იყო, მაგრამ გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ 5 ქვეყანას გაუხსნან საზღვარი უპირობოდ, მაგალითად, ვუხსნით საზღვარს საფრანგეთს, სადაც იყო საშინელი პანდემია და ჩაკეტილია საზღვარი მონტენეგროსთვის, სადაც არ იყო ეს ვირუსი. ძალიან გაურკვეველია, თუ რატომ არ არის აუცილებელი მოთხოვნა ტესტირების პასუხი და რატომ არის სერიოზული რისკის ქვეშ დაყენებული ქვეყანა, როცა ერთადერთ კრიტერიუმად საზღვარზე ტემპერატურის გაზომვა ითვლება. ბევრი რამ არ არის გასაგები.

საზღვარი უნდა გაიხსნას უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით და აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს ე.წ. კოვიდ პასპორტი ანუ ცნობა იმ ქვეყნიდან, რომლიდანაც შემოდის ტურისტი, ხოლო ადგილზე ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში, უკვე დამატებით შემოწმება უნდა გაიაროს. ერთი მხრივ, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, მეორე მხრივ, იგი არის ძალიან გაუგებარი და შეიცავს სერიოზულ რისკებს. იმედია, მთავრობა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და მიიღებს ისეთ ზომებს, რომლითაც დაცული იქნება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება,”- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველო ევროკავშირის 5  ხუთ ქვეყანასთან – გერმანიასთან, საფრანგეთთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან საზღვრებს ხნის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....