ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“15% დახმარების დიდ წილს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს პოლიტიკურად ძალიან მძიმე გაფრთხილებაა” – ხუხაშვილი

ჩვენი ხელისუფლების მისწრაფებებსა და დეკლარირებულ ფასეულობებს არ ენდობა ამერიკის ხელისუფლება და სტიმულირების ეტაპიდან გადადის იძულების ეტაპზე, – ამის შესახებ “მეტრონომთან” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. ხუხაშვილმა შეაფასა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტი და აღნიშნა, რომ თუკი მთავრობას ადეკვატური რეაქცია არ ექნება, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.

“სამწუხარო გზავნილია.  ამერიკის ხელისუფლება სტიმულირების ეტაპიდან გადადის იძულების ეტაპზე, რათა საქართველოს მთავრობამ გააკეთოს ის, რაც სახელმწიფოებრივად აუცილებელია. ჩვენი ქვეყანა უნდა მოვიდეს ცივილიზებულ სამაყროს სტანდარტებთან შესაბამისობაში. ძირითადი  პრობლემები უკავშირდება კორუფციასა და ინსტიტუციონალურ აჯაფსანდალს, რაც უნდა გამოსწორდეს. თუკი მთავრობა არ იქნება ადეკვატური, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება,” – აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში ამერიკელი და დასავლელი პარტნიორებისგან მუდმივად ვისმენთ გაფრთხილებებს, რომელთა ტონიც სულ უფრო და უფრო მკაცრდება.

“დინამიკას ვაკვირდებით. ერთი წელია მიმდინარეობს ეს პროცესი, ტონი კი სულ უფრო და უფრო მკაცრდება. თუკი ხელისუფლება ამერიკიდან მომდინარე გაფრთხილებებს არ გაითვალისწინებს,  ამ შემთხვევაში შემდგომი ნაბიჯები იქნება კიდევ უფრო მძიმე. დღეს რაც გავიგეთ, ეს უფრო გაფრთხილებაა. 15% დახმარების დიდ წილს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს პოლიტიკურად ძალიან მძიმე გაფრთხილებაა,” – განაცხადა ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.

იტვირთბა....