ახალი ამბები მთავარი

“მოვითხოვთ, გამოცდების ალტერნატიული თარიღი ჩაინიშნოს იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვეს” – შაშკინი

„ნაციონალური მოძრაობა“ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვეს, გამოცდების ალტერნატიული თარიღის ჩანიშვნას ითხოვს. პარტიის პოლიტსაბჭოს წარმომადგენლის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, “ქართული ოცნება” პრობლემაზე არ რეაგირებს და იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოცდაზე არ დაუშვეს, ერთ წელს აკარგვინებს. ამის შესახებ შაშკინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე აბიტურიენტი, ტემპერატურის გამო, საგამოცდო ცენტრებში არ დაუშვეს. ასეთი ბავშვების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ არაფერს არ ეუბნება მოსახლეობას და ამ ბავშვებს აკარგვინებენ 1 წელს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ განათლების სამინისტრომ სასწრაფოდ გამოაცხადოს ალტერნატიული თარიღები ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომლებიც სხვადასხვა ჯანმრთელობის მიზეზების გამო გამოცდაზე არ იქნა დაშვებული,” – აღნიშნა შაშკინმა.

მისივე თქმით, ოქტომბრის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” შეუდგება საგამოცდო სისტემის რეფორმირებას, რაც აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს ერთიანი ეროვნული გამოცდები წელიწადში სამჯერ ჩააბარონ – თავად აირჩიონ როგორც  საგამოცდო დრო, ასევე ადგილმდებარეობა.

ესაა მარტივად გასაკეთებელი. აგვისტოში შესალებელია ალტერნატიული თარიღის განსაზღვა. ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ვპირდებით მოსახლეობას, რომ ოქტომბერში, გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, რასაც განათლების სისტემაში გავაკეთებთ, ესაა საგამოცდო სისტემის რეფორმირება და ისეთის შექმნა, რომელიც აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს ერთიანი ეროვნული გამოცდები წელიწადში სამჯერ ჩააბარონ. ასევე, აბიტურიენტებს საშუალება მიეცემათ გამოასწორონ თავიანთი შედეგი და თვითონ აირჩიონ როგორც დრო, ასევე ადგილი გამოცდებისთვის”, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

იტვირთბა....