ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრობლემა საგამოძიებო სფეროშია.
მისივე თქმით, გამოძიებას პირველივე დღეს უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე, შაქარაშვილი გარდაცვლილი აღმოჩნდა წყალში თუ დაიხრჩო.
“პირველივე დღესვე უნდა თქმულიყო და დღესვე უნდა ვიცოდეთ, რომ გარდაცვლილი აღმოჩნდა წყალში თუ დაიხრჩო წყლით.
ძალიან მარტივია დამხრჩვალი ადამიანისა და მოკლული ადამიანის განსხვავება ერთმანეთისაგან, ვერ წარმომიდგენია, რომ ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს.
ზოგადად პრობლემა სახელმწიფოშია, საგამოძიებო ორგანოები ძალიან დაბალი დონისაა ან ამას სპეციალურად აკეთებენ.
როგორც მოისმინეთ კორუფცია საზღვრებზე შეიძლება, რაღაც ჯიგრულად არსებობდეს, ასევე ჯიგრულად შეიძლება ვიღაცა ცდილობს ამ საქმის არასწორი მიმართულებით წაყვანას“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.