ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მითხრეს, საჩივარი გამოიტანე თორემ სახლის წინ ჩაგცხრილავთო” – ფოთში პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

“2020 წლის 9 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სოფელ ჭალადიდში მცხოვრები თამაზ გრატიაშვილი. მისი განმარტებით, როგორც დაკავების დროს, ასევე დაკავების შემდგომ, პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა  გამოძიება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საიას ცნობით, გრატიაშვილი სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას.

“თამაზ გრატიაშვილის განმარტებით, 2020 წლის 8 ივნისს იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად. გვიან ღამით, როდესაც სახლში ფეხით ბრუნდებოდა, მის გვერდით გაჩერდა ავტომანქანა, რომელშიც ფოთის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ოდიშარია იჯდა. მისი დავალებით, ამავე განყოფილების სხვა თანამშრომლებმა იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე, ტრანსპორტირებისას, მასზე ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა პოლიციის განყოფილებაშიც.

თამაზ გრატიაშვილის განმარტებით, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა პოლიციის თანამშრომელი, თორნიკე კაჭახმაძე. მოგვიანებით, თამაზ გრატიაშვილი დროებით მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც გარეგანი დათვალიერება ჩაუტარდა. სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებების აღმოჩენის შემდგომ, აღნიშნული ფაქტი ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. გამომძიებელი იმავე დღეს შევიდა დროებითი მოთავსების იზოლატორში და მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

იმავე დღეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში მასთან თორნიკე კაჭახმაძე შევიდა, განუმარტა, რომ სასამართლო განიხილავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და მოსთხოვა სასამართლოში ეღიარებინა, რომ ქუჩაში ნასვამ მდგომარეობაში იგინებოდა, ილანძღებოდა და პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდა. თამაზ გრატიაშვილი განმარტავს, რომ იძულებული გახდა სასამართლოში ეღიარებინა ის სამართალდარღვევა, რაც არ ჩაუდენია. სასამართლომ მას 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების დაწყების შემდგომ, თამაზ გრატიაშვილმა საია-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას უცნობი პირები უკავშირდებიან და მომხდარ ფაქტზე გაჩუმებას მოითხოვენ. კერძოდ, 2020 წლის 21 ივნისს, ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც 10 000 ლარის სანაცვლოდ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრის გამოტანა მოსთხოვა. ხოლო 3 ივლისს, ფეხით გადაადგილებისას ავტომანქანამ გზა გადაუჭრა. საჭესთან მჯდომმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საჩივრის გამოტანა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა…” – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამაზ გრატიაშვილის თქმით, მას ბევრჯერ დაურეკეს და საჩივრის გამოტანა 10 000 ლარის სანაცვლოდ მოსთხოვეს.

:ბევრჯერ დარეკეს, იყო შემოთავაზებები, რომ 10 000 ლარს მოგცემთო… გუშინ მაღაზიაში მივდიოდი, ჩამიჭრა “იქს ხუთმა”, ჩამოხტნენ, ორი ბიჭი იყო, ერთი იყო სპორტული აღნაგობის, მეორე იყო სუსტი, დაბალი და მითხრა, 24 საათში, ანუ ერთ დღეში საჩივარი გამოიტანეო, თორემ ჩაგცხრილავ სახლის წინო.”, – ამბობს გრატიაშვილი.

იტვირთბა....