აუცილებელი გახდება თუ არა იმ შეზღუდვების გახანგრძლივება, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნითაა შემოღებული და 15 ივლისამდე მოქმედებს, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ უმრავლესობაში აცხადებენ. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად იქნება მიღებული და სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.
“2 კვირაა ჯერ დარჩენილი 15 ივლისამდე. განვმარტოთ, რა მოხდება 15 ივლისის შემდგომ. ჯერჯერობით, საკოორდინაციო საბჭო საკმაოდ ეფექტურად მართავს ამ სიტუაციას. არ ყოფილა არცერთი ისეთი ნაბიჯი, რომელსაც საკმაოდ ეფექტური შედეგი არ მოეტანოს. ამიტომ, 10-ში, 11-ში, 12-ში შევხედავთ ჩვენი ეპიდემიოლოგების კონსულტაციების და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე რა ვითარება იქნება ქვეყანაში და მხოლოდ ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას,”- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი.