ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საბაბიც კი არ დარჩა, რათა რაიმე ფორმით სცადონ რადიკალური სცენარის განხორციელება” – კობახიძე ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, 8 მარტის შეთანხმება შესრულდა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე და მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ის, რომ არ მონაწილეობდნენ ამ კენჭისყრაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძემ განმარტა, რომ ამ პოლიტიკურ ძალას დაუოკებელი სურვილი აქვს, რომ საკუთარ ლიდერად გიორგი რურუა წარმოაჩინოს.

„8 მარტის შეთანხმება შევასრულეთ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ არ მონაწილეობდნენ ამ კენჭისყრაში. არაერთი ფაქტი ვიცი იმის თაობაზე, თუ როგორ ცდილობენ ისინი დეპუტატების გაწვევას კენჭისყრიდან. ამ მცდელობების მიუხედავად, მოვახერხეთ და დამოუკიდებელ დეპუტატებთან და ორ ფრაქციასთან ერთად აღვასრულეთ პირნათლად 8 მარტის შეთანხმება. ისინი ვერ გექცევიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმისთვის, რომ არ მიიღეს მონაწილეობა 8 მარტის შეთანხმების აღსრულებაში.

მათი მიზანი ცალსახად იყო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება. ისინი ხედავენ, რომ არჩევნებში შანსი აღარ აქვთ, მათი რეიტინგი მათთვისაც ცნობილია. შესაბამისად, ერთადერთი გზა მათთვის არის რადიკალიზაცია და რაღაც ხელმოსაჭიდს აძლევდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, თუმცა ხედავთ, რომ ვერ მოახერხეს გეგმის განხორციელება, შესაბამისად, საბაბიც კი არ დარჩა, რათა რაიმე ფორმით სცადონ რადიკალური სცენარის განხორციელება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....