გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის თანახმად, 7 მოქალაქისთვის დაკისრებული 3 000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმა – ინფორმაციას ამის შესახებ, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2020 წლის 21 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს მიმართეს გორში მცხოვრებმა შვიდმა მოქალაქემ: თამაზ მახარაძემ, იოსებ ხაბალაშვილმა, ხვიჩა საბაშვილმა, ედუარდ ფაილევანიანმა, თამაზ ავეტისოვმა, უშანგი საბაშვილმა და მიხეილ ფიდიურმა.
„მათი განცხადებით, მიმდინარე წლის 17 აპრილს ისინი დააჯარიმეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დისტანციის დაუცველობის გამო. ჯარიმას ისინი მიიჩნევდნენ უკანონოდ, რადგან არ იმყოფებოდენენ ერთად, 3 ადამიანი იდგა ცალკე 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით, მათგან 40-50 მეტრის დაშორებით იდგა კიდევ სამი ადამიანი 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო ერთი მათგანი იდგა საერთოდ ცალკე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ ერთად და გამოწერა შვიდი 3 000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების გაუქმება. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადმინისტრაციული საჩივარი გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა, – ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.