ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნუ დაუჯერებთ ქართული სუფრის იდილიას, არ არის საქართველოში ქალი თავისუფალი” – რომან გოცირიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა” გენდერულ კვოტირებას ახლაც მხარს უჭერს და მხარს უჭერდა ორი წლის წინაც, როცა ის უმრავლესობამ ჩააგდო. მისი თქმით, „უფრო ადრე, ვიდრე მატყუარა „ქართული ოცნება” მოიფიქრებდა, „ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წესდებაში ჩაწერილია იგივე, რასაც ახლა კანონის ფორმას აძლევს პარლამენტი”. ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მმართველი პარტია როგორც ყოველთვის, არის მატყუარა და დემაგოგი, როცა აცხადებენ, რომ თითქოს ჩვენ არ ვუჭერთ მხარს გენდერულ კვოტირებას, ვუჭერდით მხარს ორი წლის წინათ, როცა წარმოადგინა ერთ- ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სწორედ ამ უმრავლესობამ ჩააგდო ეს პროექტი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუჭირა მას მხარი და ჩვენ ახლაც ვუჭერთ მხარს. ეს არის დროებითი ზომა, რომელიც აუცილებელია საქართველოსთვის, სადაც სამწუხაროდ, ირღვევა ქალთა უფლებები.

აუცილებელია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის საკანონმდებლო ბერკეტებით ზრუნვა. ნუ დაუჯერებთ ქართული სუფრის იდილიას. არ არის საქართველოში ქალი თავისუფალი. აბა ნახეთ საჯარო რეესტრში, ქონების 80 პროცენტი გაფორმებულია კაცზე, აბა გაიარეთ ქუჩაში, რამდენი პროცენტი ზის მანქანაზე ქალი? – ათასიდან ერთი“ – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პროექტს განიხილავენ, რომლის თანახმად, გენდერული კვოტირება სავალდებულო ხდება და პარტიების მიერ წარმოდგენილ პროპორციულ სიაში ოთხში ერთი განსხვავებული სქესი უნდა იყოს.

ალტერნატიული წინადადება აქვს დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელიც პარტიების სიაში 3- ში ერთ განსხვავებულ სქესს გულისხმობს.

 

იტვირთბა....