პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი წარედგინა. უწყების ცნობით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.
მათივე განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით – ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შ.გ.-ს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით – ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს.შ. 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ს.შ. გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბენზინი მიასხა ს.შ.-ს და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანები დაეხმარნენ. ცეცხლის წაკიდების შედეგად, ს.შ.-მ მიიღო მრავლობითი დამწვრობები და ძლიერი შოკი” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისათვის, თბილისში კაცმა ქალის დაწვა 30 ივნისს სცადა. დაზარალებული დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, ქალს საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს და ქვემო კიდურები აქვს დამწვარი. მისივე ინფორმაციი, ქალს 37%-იანი დამწვრობა აქვს.