ომს არ ვაპირებ, მაგის ნერვები არ მაქვს, გადართული ვარ, ბავშვზე უნდა დავადგინო სიმართლე, ეს არის ჩემი ნომერი პირველი ამოცანა და ვიცი, რომ დავადგენ კიდეც – ამის შესახებ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავმა და ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ “პოსტივის” ეთერში განაცხადა.
როგორც ნიკოლაძემ აღნიშნა, მათ გამოძიებასთან უნდობლობა არ აქვთ და ზოგიერთი ტელევიზია თემის პოლიტიზებას ცდილობს.
„არანაირი უნდობლობა გამოძიებასთან არ გვაქვს, ერთობლივ ღონისძიებებს ვახორციელებთ, ვაანალიზებთ ვითარებას. ერთადერთ რამეს ვგრძნობ ზოგიერთი არხისგან, რომ მოხდეს თემის პოლიტიზება. მიხედონ თავიანთ თავს, მიხედონ თავის ინტერესებს და ჩვენ თავი დაგვანებონ. ნიკა გვარამია პირადად მოდიოდა ჩემთან, მოჰყავდა თავისი ახლობლები და ნათესავები, რომლებთანაც ახლა ვმეგობრობ და ერთმანეთზე კარგი, თითით საჩვენებელი ადამიანები არიან. მოჰყავდა და მეუბნებოდა, შენს მეტს ვერავის ვენდობი, შენი კვალიფიკაციის გარდა მე ვერავის ჩავაბარებ ამ ხალხსო. შე დალოცვილო, სამოსანი თუ ვიყავი, კუდ-ის და სოდ-ის აგენტი თუ ვიყავი, კლიენტი თუ არ მყავდა, რას ერჩოდი იმ ხალხს, ჩემთან რომ მოგყავდა. ომს არ ვაპირებ, მაგის ნერვები არ მაქვს, გადართული ვარ, ბავშვზე უნდა დავადგინო სიმართლე, ეს არის ჩემი ნომერი პირველი ამოცანა და ვიცი, რომ დავადგენ კიდეც. მაგას უნდა პოლიტიკური შეკვეთები, წავიდეს და თავის თავს მიხედოს, ამ ოჯახს თავი დაანებოს“, – აცხადებს ნიკოლაძე.
ამ დრომდე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ვიდეოკადრები გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.