ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან 6 ბრალდებული არასრულწლოვანია.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებაზე დააკმაყოფილა.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეოკადრებსა და განცხადებას ავრცელებს.
ასევე ვრცელდება მორაგბე ვასილ მახარაძის ჩვენება, რომელიც ინციდენტის დეტალებს აღწერს.