პარლამენტში „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებების განხილვისას პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელმაც მთაწმინდაზე ერთ-ერთი უბანში გოცირიძის არშეშვების ისტორია გაიხსენა.
ამას წინ უძღოდა გოცირიძის განცხადება, რომელიც სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან „რადიკალური ოპოზიციის“ ხსენებას გამოეხმაურა და კოლეგებს „ურჩია“, მსგავსი ტერმინები არ გამოიყენონ.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებების დროს კენჭისყრის პროცედურაზეც კი არ „შეუშვა“.
„აღიარება კი არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, მაგრამ მთლად გათავისუფლება არ ხდება პასუხისმგებლობისგან. თქვით, „რადიკალური ჯგუფი ვართო“ და ხვალ შეიძლება თქვათ, რომ „დანაშაულებრივი ჯგუფიც ვართო“, დაველოდებით სადამდე წახვალთ. რაც შეეხება უბანზე შეშვებასთან დაკავშირებით თქვენ გულისწუხილს, მე მახსოვს, რომ თქვენმა პარტიამ კენჭისყრაზეც არ შემოგიშვათ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს და თქვენი შეწუხებული სახე.
„სხვათაშორის, ცუდი გამოცდილება გქონიათ, ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან უბანში. რა ხდება იქნებ გაარკვიოთ თქვენ პარტიაში, რატომ არ მოგცეს საშუალება საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის პროცედურას გარეთ არ დალოდებოდით და შიგნით შემოსულიყავით. თქვენი ბედნიერი სახეც გვახსოვს 20- 21 ივნისის დროს აქ, თქვენს დაჯგუფებასთან ერთად რომ იყავით გამაგრებული. ასე რომ, ვიყოთ თანმიმდევრულები, არ გვინდა ეს პათეტიკა და ცინიზმი საზოგადოების წინაშე, ამას შეაფასებს საზოგადოება არჩევნების დღეს“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.