ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიხეილ სააკაშვილზე და ჩვენზე დამონტაჟებული საუბრები გვესმოდა ყოველთვე” -გოცირიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე უკრაინელი ჟურნალისტების, ვალერი ტოვმაჩისა და ოლეგ დეინეკას განცხადებას ეხმაურება, რომლებიც  საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და უცხოურ აგენტურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. გორიცირიძის თქმით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ “შავი პიარის” აგორების მცდელობა, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება.  ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„უკრაინელი ჟურნალისტები ძალიან პირობითი ცნებაა და ბუნებრივია, ეს არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ „შავი პიარის“ აგორება, რომლის შედეგი იქნება ნული. უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის როლი, წონა, მისი დამსახურება ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს არის მოტორი, ადამიანი, რომელიც უზარმაზარ 50 მილიონიან ქვეყანას ექაჩება თავისი ენერეგიით. ქვეყნის იმედია კორუფციის დამარცხებასა და რეფორმების წამოწყებაში და ახლა რომელიღაც მოსყიდული ჟურნალისტი რაღაცაა დაწერს.

ჰაკიმ ფაშას 8 წელია ეძებენ, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა, მაგრამ ვინმემ გამოიძია? მიხეილ სააკაშვილზე და ჩვენზე დამონტაჟებული საუბრები გვესმოდა ყოველ თვე. კიდევ იქნება. ახლა მე ვიტყვი სიტყვებს: ზებრა, წყალი, შეკვეთილი და ზვიგენი, ახლა ამას ისე დაამონტაჟებთ, იტყვით, რომ რომან გოცირიძეს უნდოდა ივანიშვილის ზვიგენის დახრჩობა შეკვეთილში საკუთარი ხელებით. ძალიან მარტივია მონტაჟი, ისე დაგიმონტაჟებთ, როგორც დაგიბარებიათ,”- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, როგორც უკრაინელი ჟურნალისტები აცხადებენ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილს, ამ ამბის გამოყენებას კი პოლიტიკური მიზნებისთვის აპირებდნენ.

იტვირთბა....