შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რა სიახლეებით ხვდება 2020 წლის საზღვაო სეზონს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლს სეზონურ მაშველთა გაზრდილი რაოდენობა გააკონტროლებს. მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე კი 355 მაშველი, მათ შორის 15 გოგო მაშველი იზრუნებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თითოეული მათგანი განახლებული უნიფორმით იმუშავებს და ევროპული სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი.
ინფორმაციიდან, ასევე, ირკვევა, რომ აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება 6 კატარღა, 7 ნავი და 27 სკუტერი, პროცესში ჩაერთვება 1 სამაშველო და 3 სადაზვერვო დრონი. გარდა ამისა, ვიგებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე განაახლა და დაამატა სამაშველო კოშკურები, რომელთა რაოდენობა სულ 108 იქნება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ დაემორჩილოთ მაშველთა მითითებებს, არ იცურავოთ აკრძალულ ზონებში, არ შეხვიდეთ ზღვაში შტორმის დროს. შეგახსენებთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე ცურვა კატეგორიულად აკრძალულია,” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.