ელჩები ერიდებიან ისეთ საკითხებში ჩართვას, რაზეც მწვავე პოლიტიკური უთანხმოება არსებობს, თუმცა ქნირშმა საკუთარი განცხადებებით დიპლომატიურ წესს გადაუხვია – ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის გადასაწყვეტია ვინ იქნება ელჩი საქართველოში, თუმცა ჩვენი პრეროგატივაა შევაფასოთ მისი ესა თუ ისე ქმედება.
“გერმანიის ელჩის განცხადება იყო შემდეგი, რომ 8 მარტის შეთანხმებაში არ წერია გიორგი რურუას სახელი და გვარიო. ტექნიკურად ეს სწორი განცხადებაა, მართლაც არ წერია სახელი და გვარი, ისევე როგორც სხვა გვარები – უგულავა და ოქრუაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არ წერია, მაინც “ქართულმა ოცნებამ” თვითონ აღიარა, რომ მათი გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი. ამის გარდა, როცა გაათავისუფლეს უგულავა და ოქრუაშვილი, ამ მოლაპარაკებების ფასილიტატორებმა გააკეთეს განცხადება, რომ ეს გათავისუფლება არის გადადგმული ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ. ამიტომ გვარების ჩაწერა არ არის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. შეიძლება გერმანიის ელჩი არ იყო საქმის კურსში, შეიძლება თარგმანის პრობლემა იყო. ერთი დეტალი რაც მინდა აღვნიშნო ამ დიპლომატთან მიმართებაში, არის ის, რომ ელჩები ერიდებიან ისეთ საკითხებში ჩართვას, რომელშიც არის პოლიტიკური უთანხმოება. ამიტომ იყო არაკორექტული არჩილ თალაკვაძის მოწოდება, რომ გამოდით და თქვით რომ ასე არ იყოო. ელჩები არ აკეთებენ ასეთ განცხადებებს და არჩევენ ნეიტრალური პოზიციის დაჭერას. გერმანიის ელჩმა რამდენჯერმე ამ დაუწერელ დიპლომატიურ წესს გადაუხვია. მაგალითად, როდესაც ჩაერთო არასამთავრობო სექტორის შეფასებასა და დაპირისპირებაში სოფო კილაძესთან. როცა 45 არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ პრობლემები აქვს ქსენოფობიური ერთ-ერთ პოლიტიკურ ფიგურას, არ უნდა დაადანაშაულო ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ მიკერძოებაში. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია. გერმანიის გადასაწყვეტია ვინ იქნება ელჩი საქართველოში, თუმცა ჩვენი პრეროგატივაა შევაფასოთ მისი ესა თუ ისე ქმედება”, – განაცხადა კახიძემ.