დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას აინტერესებს, რა ფაზაზეა გამოძიება იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს მისი მისამართით გავრცელდა.
ამ კითხვით ეკა ბესელიამ პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა, რომელმაც დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიში წარადგინა.
ბესელია გამოძიებისგან პასუხს ითხოვს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სიმართლე საბოლოოდ დადგინდეს.
ამასთან, ბესელიას თქმით, პირადი ცხოვრების კადრები მაშინ გავრცელდა, როცა მმართველ გუნდთან მწვავე კონფლიქტი ჰქონდა. აქედან გამომდინარე დამოუკიდებელი დეპუტატი გახარიას ეკითხება, ვინ დაგეგმა ეს დანაშაული და რა იყო ამის მიზეზი.
“ეს არის თემა, რომელმაც, მე პირადად ბევრი გადაწყვეტილება შემაცვლევინა. აქ არიან, მათ შორის ის წევრებიც, რომლებიც შესაძლოა იყოს დაკავშირებული ამ საკითხთან. თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც უმრავლესობის იმდროინდელი დეპუტატის მიმართ გავრცელდა სააკაშვილის დროს უკანონოდ ჩაწერილი ჩანაწერი. დღეს არის სინდისის ბოლო, გავიდა წელიწადი და ხუთი თვე. არ მითხრათ ახლა, რომ ეს საქმე გახსნილია, რადგან ეს საქმე არაა გახსნილი და ამ კითხვაზე პასუხი არ მიმიღია.
ახლა გეკითხებით, ვინ დაგეგმა ეს დანაშაული და რა მიზანი ჰქონდა. რატომ დაემთხვა ეს საკითხი იმ პერიოდს, როცა ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა 10-კაციანი სიის შედგენის გამო. ეს იყო დასჯა, სამაგიეროს გადახდა, ანგარიშწორება თუ გაფრთხულება ყველა დანარჩენის მიმართ, ვინც გაბედავდა, ამაზე თუ სხვა თემაზე, პროტესტის იმ ფორმას, რაც მე ავირჩიე? გავიდა წელიწადნახევარი და არ მაქვს პასუხი. მაგრამ მე ამ თემახე პასუხს აუცილებლდ მივიღებ. ვინ და რატომ დაგეგმა ეს დანაშაული. მე ამ კითხვაზე პასუხს მოვითხოვ,”- გააცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, 2019 წლის იანვარში იმდროინდელი უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გავრცელდა, მათ შორის, 28 და 31 იანვარს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ვიდეოს ნახვის, მესენჯერში გაგაზავნისა და სხვა ფორმით გავრცელების ბრალდებით 16 ადამიანი დააკავა.