დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, ყალბი ამბების გავრცელებაზე “ქართული ოცნება” არ უნდა საუბრობდეს, რადგან მმართველი პარტია ყალბი ამბების გავრცელებას ტელეკომპანია “იმედის” საშუალებით ახდენს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ თემაზე საუბრისას უმჯობესია უმრავლესობის წევრებმა შუბლზე ხელი მოისვან, – შუბლის ძარღვი აქვთ თუ არა შერჩენილი. ბესელიამ მათიკაშვილს მსგავსი განცხადებით მას შემდეგ მიმართა, რაც მათიკაშვილმა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას ყალბი ამბების შესახებ კითხვა დაუსვა.
ამასთან ბესელიამ მათიკაშვილს ყალბი ახალი ამბებისგან თავის დასაცავად “იმედის“ ყურება ურჩია და მთავარ “მეზღაპრედ” ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი გია აბაშიძე დაასახელა.
„რა საოცარია ყალბი ამბების გავრცელებასა და ამ ამბებისგან თავის დაცვაზე რომ მმართველი პარტიიდან გველაპარაკებიან. დავით მათიკაშვილს როგორ უნდა დაიცვას თავი ვუთხრათ – „იმედზე“ გადართე და მოძებნე გია აბაშიძე, ერთ-ერთი საოცარი მეზღაპრე, რომელიც ამ ყალბ ამბებს ისეთი საოცარი რომანტიულობით გვიყვებოდა, ვაკის პარკში რომ დასეირნობდა და მეორე დღეს მეორე ხმაში სოფო კილაძე რომ გამოვიდოდა და იგივეს იმეორებდა. გია აბაშიძე მე „ქართული ოცნების“ შტაბში რომ მყავს ნანახი ჩემი თვალით, „იმედის“ წამყვანად როგორ გიყვებათ ნამდვილ ამბებს? ის მოიკითხეთ და მერე ერთმანეთთან გაარკვიეთ ეგ აბები. საერთოდ რაღაცას რომ ამბობთ, ცოტა შუბლზე ხელი მოისვით, შუბლის ძარღვი საერთოდ გაქვთ თუ არა,“ – აღნიშნა ბესელიამ.