სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, თუკი გიგი უგულავას საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, დიდია ალბათობა იმისა, რომ დადგინდეს მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს დარღვევის უფლება. ამის შესახებ ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
სახალხო დამცველს ამის არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ პროკურატურის მიერ უგულავას საქმის მეორე ინსტანციისა და უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების დროს, უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი მოსამართლე შალვა თადუმაძე, რომელიც ბოლო ინსტანციაში ამ საქმის განხილვას თავმჯდომარეობდა, გენერალური პროკურორი იყო.
,,ჩვენ ვთვლით, რომ ეს საქმე პრობლემურია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვფიქრობთ, გიგი უგულავას საქმეში დარღვეული იყო ინტერესთა კონფლიქტის საკითხი. ჩემი მოსაზრება, როგორც სახალხო დამცველის არის, რომ თუ ეს საქმე წავა ან წავიდოდა სტრასბურგის სასამართლოში, დიდი ალბათობით, სტრასბურგი დაადგენდა გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი უფლების დარღვევას, იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება პროკურორი, რომელმაც გაასაჩივრა ადამიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი უზენაესში, შემდეგ ამ ადამიანს დახვდეს, როგორც გადაწყვეტილების მიმაღები მოსამართლე,” – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, უგულავას ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა პოლიტიკური კონტექსტში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოში პოლიტიკური პროცესი დაიძაბა.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 10 თებერვალს, „თბილისის განვითარების ფონდიდან” 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 15 მაისს კი სალომე ზურაბიშვილმა იგი ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად შეიწყალა.