პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ. ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
,,საკმაოდ პოზიტიური და პროფესიონალური ანგარიშია, რაც გამოქვეყნდა ანტიტერორისტული საქმიანობის შესახებ. ის აფასებს საერთოდ მსოფლიოში შექმნილ რთულ ვითარებას და გამორჩეულ საქმიანობას, პროფესიონალიზმის მაღალ დონეს უსაფრთხოების სამსახურების, კერძოდ, ანტიტერორისტული ქვედანაყოფების. მე ვფიქრობ, პოზიტიური შეფასებები უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა ჩვენთვის და რომ არა მოხსენებები ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს პოზიტიური გამოცდილების დაფიქსირება, საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ ჩვენ გვყავს საიმედო დაცვა ტერორიზმისგან, რომელიც არის მსოფლიო გამოწვევა,”- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული. დოკუმენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტებისა და გამოძიების საკითხებში წამყვან უწყებად არის დასახელებული.