დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტირება მიმდინარეობს, პირველი ეტაპი კი უკვე დასრულებულია.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ კონკრეტული ადგილის განვითარებისთვის საჭირო კონცეფციის შექმნის პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ჩართული.
„ყველა ხედავს ჩვენს მიდგომას, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა – გამგეობების მხრიდან სკვერების რეაბილიტაცია, არსებული პარკების განახლება-მოწესრიგება, ახალი პარკების მშენებლობის დაწყების პროექტების შექმნა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქში რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთი შვილებით, შვილიშვილებით სასიამოვნო გარემოში დაისვენონ. გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რათა ტბასთან რეკრეაციული მწვანე სივრცე შეიქმნას. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის საბჭოს დახმარებით, სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა დაფუძნდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ჩართული. მუშავდება ერთიანი კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ადგილის განვითარება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ მოეწყობა ისეთი პარკი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადმიანისთვის მიმზიდველი იქნება.
„ტერიტორია საკმაოდ დიდია – დაახლოებით, 37 000 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, უნდა მოეწყოს ისეთი პარკი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შესაბამისი სივრცე იქნება – სპორტული მოედნებით, სასეირნო და ველობილიკებით, ახალი ხე-მცენარეებით. როდესაც პროექტი უკვე საბოლოოდ წარმოდგენილი იქნება, უშუალოდ მის განხორციელებას დავიწყებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პროექტის თანახმად, პარკის დიდი ნაწილი შემოისაზღვრება მწვანე ცოცხალი ღობით, დაირგვება ხე-მცენარეები და დაიგება ბალახის საფარი. მოეწყობა ორი შესასვლელი, საჩრდილობლები, საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, ველო და საფეხმავლო ბილიკები. ასევე, განთავსდება სკამები და ურნები. ტბაზე გაივლის საინტერესო დიზაინის პირსი, საიდანაც შესაძლებელი იქნება, ფრინველებსა და გარემოზე დაკვირვება.
ამასთანავე, პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პარკში განთავსდება მცირე ზომის მედიათეკაც.