„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გორში მცხოვრებ და დასაქმებულ მეწარმე ქალებს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა ქალზე და მის სიძლიერეზე. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ემიგრანტმა ქალებმა საკუთარ თავზე აიღეს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს და უნდა შევძლოთ, რომ ეს ქალები საკუთარ ქვეყანაში დავაბრუნოთ. ამისთვის ჩვენი ქვეყანა უნდა განვავითაროთ ეკონომიკურად. საქართველოში ქალის უფლებები და მისი პოზიციონირება აუცილებლად უმაღლეს დონეზე უნდა იყოს აყვანილი და ეს იქნება „ლელოს“ პრიორიტეტი, რადგან ქალთა პოლიტიკური აქტივობა და მაქსიმალურად ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ლელოს“ ლიდერმა ქვეყნის ეკონომიკურად განვითარების გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში მთავარ ეკონომიკურ ძალად უნდა გადაიქცეს.
„აუცილებელია, ყველანი იდეის დონეზე გავერთიანდეთ და ეს იდეა არის ჩვენი ქვეყანა და მისი კეთილდღეობა. 2020 გვაძლევს იმის შანსს, რომ პოლიტიკურად ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ, რადგან ამ სისტემის ქვეშ ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.