ხუთმა დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, მათ შორის არიან: ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძე. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.
დეპუტატებმა თავიანთი პოზიცია, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, პლენარულ სხდომაზე დააფიქსირეს.
„სამწუხაროა, რომ ქვეყნისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩების და დიპლომატების სადილებსა და ვახშმებზე წყდება. დღეს, ქვეყანაში არსებული პრობლემები არავის აინტერესებს. ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობით მიღებულ შეთანხმებას, ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა ერქვანიამ.
რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, მან განაცხადა, რომ გაუგებარია, როგორ აჯობებს 30 მაჟორიტარი 73-ს.
„ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება. ჯერ ერთი, გაუგებარია, როგორ უნდა აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში და მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის ვაჭრობა, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით. მოკლედ, ჩემი რწმენით, ყველა ცვლილება უკეთესობას, ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა კი არ უნდა გახდეს და მათთვის ადგილების მიღების გარანტი. ამიტომ არ ვუჭერ ამ ცვლილებებს მხარს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
დეპუტატ ბიძინა გეგიძის განცხადებით, ის არ დაუჭერს ცვლილებებს მხარს, რადგან „დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს კომპენსირებას იმ გადაგდების, რაც მაშინ მოხდა“.
„ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ კონსტიტუციური ცვლილებები. მე არ ვაპირებ მხარი დავუჭირო ამ ცვლილებებს. მე მხარი დავუჭირე სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას, რადგან ეს იყო ბრძოლის შედეგად მიღებული მონაპოვარი. დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს კომპენსირებას იმ გადაგდების, რაც მაშინ მოხდა“, – აღნიშნა გეგუძემ.
ემზარ კვიციანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუ არჩევნებში მონაწილეობა ყველასთვის სავალდებულო იქნებოდა.
რაც შეეხება ნატო ჩხეიძის პოზიციას, როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები მმართველი გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.