არასამტავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა” ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნათესავის მიერ ტენდერების მოგებას ეხება.
ორგანიზაცია ავრცელებს დოკუმენტებს, სადაც ნაჩვენებია, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით 16,395,501 ლარი მიიღო.
როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაში წერია, მურმან ტოგონიძე ტენდერებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს, შპს “მშენინვესტი” კი, რომლის 100% წილს მურმან ტოგონიძე ფლობდა, სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ 2016 წელს მონაწილეობდა.
“ინდივიდუალურმა მეწარმემ, მურმან ტოგონიძემ 97 ტენდერიდან 69 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 14,998,590 ლარი შეადგინა. შპს “მშენინვესტი” 2016 წელს 31-ჯერ მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში, 21 შემთხვევაში გაიმარჯვა და ჯამურად 1,008,798 ლარი მიიღო.
მურმან ტოგონიძისა და მისი კომპანიისგან მომსახურებების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საჩხერის მუნიციპალიტეტია (70 ტენდერი და 3 გამარტივებული შესყიდვა). შემსყიდველები ასევე არიან ჭიათურის, ლაგოდეხისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები,”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მურმან ტოგონიძესა (ინდ. მეწარმე) და შპს “მშენინვესტს” მოგებული 90 ტენდერიდან 42 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია. 20 შემთხვევაში ტენდერში მონაწილე სხვა სუბიექტმა ვაჭრობისას დაბალი ღირებულება დააფიქსირა, თუმცა სატენდერო კომისიამ მათ დისკვალიფიკაცია მისცა და ხელშეკრულება მურმან ტოგონიძესთან გააფორმა. 9 შემთხვევაში მურმან ტოგონიძემ ტენდერი მოიგო დაბალი ფასის მითითებით, თუმცა ხელშეკრულების ღირებულება მოგვიანებით გაიზარდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ინდივიდუალური მეწარმე მურმან ტოგონიძისა და შპს “მშენინვესტის” მიერ მოგებული ტენდერები და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ტოგონიძისა და მისი კომპანიისათვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავდა თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.