ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსით 101 მედპერსონალი დაინფიცირდა, მათგან ერთი გარდაიცვალა – NCDC

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად,  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 101 სამედიცინო პერსონალია, მათგან ერთი გარდაიცვალა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაინფიცირების სიხშირე მსოფლიოში 5-დან 20 პროცენტამდე მერყეობს.

„საქართველოში 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4 პროცენტს შეადგენს, მათ შორის 84,9 პროცენტი (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი და 15,1 პროცენტი (18 შემთხვევა) – ტექნიკური პერსონალი.

დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდან (101 პირი) ერთი შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი „კოვიდ-19“. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში 100 ადამიანს შეადგენს, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 12,06 პროცენტია. ხსენებული რაოდენობიდან ლეტალურად დასრულდა ერთი შემთხვევა (ექთანი ქალი, 70 წლის, ქვემო ქართლი), სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას დაინფიცირებულ სამედიცინო პერსონალში ლეტალობამ ერთი პროცენტი შეადგინა. შემთხვევათა განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით: ექთანი – 58% (58 შემთხვევა), ექიმი – 31% (31 შემთხვევა), უმცროსი სამედიცინო პერსონალი – 10% (10 შემთხვევა); ექიმი-ეპიდემიოლოგი – ერთი პროცენტი (ერთი შემთხვევა) ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის უდიდეს ნაწილს (84%) ქალები წარმოადგენენ“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ამავე ანგარიშით, დაავადებულთა საშუალო ასაკი 41 წელია, ასაკობრივი დიაპაზონი – 19-72 წელი.

 

იტვირთბა....