თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკას დღეს სამი ახალი პაციენტი დაემატა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე აცხადებს.
„აქედან ერთი გახლავთ საბურთალოს კლასტერიდან, ორი კი საკარანტინო სივრცეებიდან – ერთი მოსკოვიდან ჩამოვიდა, მეორე კი ერევნიდან“, – აღნიშნავს ენდელაძე.
მისივე თქმით, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.
„გვყავს მძიმე პაციენტებიც, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით, თუმცა ვფიქრობ, რომ პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება. 13 ახალი შემთხვევიდან დანარჩენები ზუსტად არ ვიცი, რომელ კლასტერს განეკუთვნებიან, თუმცა, როგორც ვიცი, ახალი კლასტერი არ უნდა იყოს. პაციენტები ძირითადად საკარანტინო სივრცეებიდან არიან“, – აღნიშნა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 864 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და სულ 703-ს შეადგენს.