ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეზღუდვების მოხსნის შედეგების პირველ ნიშნებს სწორედ ახლა ვხედავთ” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ დადასტურებული 4 შემთხვევა 4-თვიან პერიოდში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გარკვეულად შიდა გავრცელების ნიშნები გამოჩნდა ისე, რომ ვერ მოხერხდა პირველი წყაროს დადგენა.

მისივე თქმით, კვლევები გრძელდება და გარკვეული პროგრესი შეინიშნება, დამატებითი ინფორმაცია კი მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.

“გუშინ დადასტურებული 4 შემთხვევა 4-თვიან პერიოდში პრაქტიკულად პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გარკვეულად შიდა გავრცელების ნიშნები გამოჩნდა ისე, რომ ვერ მოვახერხეთ პირველი წყაროს დადგენა. ამ ეტაპზე საუბარი შეგვიძლია იმაზე, რომ კონტაქტების რიცხვი არ არის ძალიან ფართო და კონტაქტების მხრივ, პრობლემა არ დგას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ საიდან გაჩნდა ეს შემთხვევები. ბევრი შეზღუდვა გავიარეთ პრაქტიკულად უმტკივნეულოდ, არანაირი ცვლილება ამას არ გამოუწვევია, თუმცა ნელ-ნელა ჩნდება ის ნიშნები, რომელიც თავიდანვე მოსალოდნელი იყო. ბუნებრივია, შეზღუდვები დაწესდა იმისთვის, რომ არ გვქონოდა ვირუსის სწრაფი გავრცელება მოსახლეობაში,” – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-19 831 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. 4 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.

იტვირთბა....