იტალიური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯუზეპე კონტეს კორონავირუსის დროს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაკითხავენ.
როგორც სააგენტოები იუწყებიან, გამოძიება ლომბარდიის რეგიონში მდებარე ქალაქ ბერგამოს პროკურატურამ დაიწყო. გამომძიებლებს აინტერესებთ, რატომ არ გამოცხადდა ე.წ. წითელ ზონად ქალაქები – ნემბრო და ალზანო. რეგიონული ხელისუფლება და ცენტრალური მთავრობა ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
პრემიერ-მინისტრის გარდა, რომის პროკურატურაში ჯანდაცვის მინისტრს რობერტო სპერანცასა და შინაგან საქმეთა მინისტრ ლუჩანა ლამორჯეზესაც დაიბარებენ.
მანამდე მთავრობის მიერ კორონავირუსის ეპიდემიის დროს გადადგმული ნაბიჯების შესწავლა „კოვიდ-19“-ის შედეგად დაღუპული 50 ადამიანის ახლობლებმა მოითხოვეს. მათ საჩივარი პროკურატურაში შეიტანეს.