ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსგავსმა კრიტიკულმა შეფასებებმა სისტემური ხასიათი მიიღო, რაც შემაშფოთებელია.
როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორების ყოველი ახალი შეფასება წინა შეფასებასთან შედარებით უფრო მძიმეა.
“ეს რომ იყოს ერთეულოვანი მოვლენა და ერთეულოვანი წერილი, შეიძლებოდა ამ საკითხის გარკვევაში სახელმწიფო მანქანა ჩართულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს აღარაა ერთეულოვანი მოვლენა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ტიპის შეფასებებმა უკვე სისტემური ხასიათი შეიძინა და ბოლო პერიოდში არაერთი გამოხმაურება ვნახეთ როგორც აშშ–დან, ასევე, ევროპიდან. და რაც მთავარია, ყოველი შემდეგი არის უფრო მძიმე, ვიდრე წინა. ანუ დინამიკა ძალიან შემაშფოთებელია,”- აცხადებს ხუხაშვილი.
ხუხაშვილის შეფასებით, ამ ფონზე არაადეკვატურია ის შეფასებები, რასაც საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან ისმენს.
“არ ვიცი, ახლა თავს იწყნარებენ, ჩვენ გვატყუებენ თუ რა მიზნები ამოძრავებთ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთულია. შესაბამისად, ივანიშვილს ძალაუფების შენარჩუნების პრობლემა დღეს იმდენად არ აქვს, რამდენადაც მას პირადი უსაფრთხოების პრობლემა უდგას,”- აღნიშნავს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, თუ მსგავსი შეფასებები ამ დინამიკით განვითარდება, შესაძლოა, ქვეყნის ინტერესები სერიოზულად დაზიანდეს.
“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აშშ-ის პოლიტიკის განხილვა, რომ ესენი ამას ამბობენ, მაგრამ სხვები სხვანაირად ფიქრობენ, ეს ძალიან დიდი სიბრიყვეა. არცთუ ისე ბევრი ადამიანია საქართველოთი დაინტერესებული, გამომდინარე იქედან რომ ჩვენ ამერიკისთვის არ ვართ ისეთი მოვლენა, რომ დღე და ღამე ჩვენზე ფიქრობდეს, ის ხალხი, ვისაც წარმოდგენა აქვს და რუკაზე უყურებს საქართველოს, მსგავსი ტიპის ნეგატიურ შეფასებებს აკეთებენ. შესაბამისად ამ ტავტოლოგიით მხადდება კონკრეტული ზომები ამათუიმ პიროვნების თუ ხელისუფლების მიმართ. რაც ძალიან სამწუხაროა. საბოლოო ჯამში ამ დინამიკით შეიძლება მივიდეთ იქამდე, სადაც სახელმწიფოს ინტერესი შესაძლოა დაზიანდეს სერიოზულად,”- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში – Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.
დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ აუცილებელია, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს, რათა კრემლის სასარგებლოდ საქმეების გაგრძელება ვეღარ შეძლონ.