“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს მედია არ იყო თავისუფალი და ამაში მას უარყოფითი როლი აქვს შესრულებული.
როგორც ბოკერია “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში აცხადებს, ამდენი წლის შემდეგ ისევ ის პრობლემა დგას, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს იდგა.
“წინა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში მედია არასაკმარისად თავისუფალი იყო. ბეჭდური მედია იყო თავისუფალი, ცენტრალური ტელევიზიები მთლიანად პროსახელისუფლებო პოზიციებზე იდგნენ და მე ამაში უარყოფითი როლი მქონდა შესრულებული. თუმცა ამდენი წლის შემდეგ ჩვენ წინ არ წავიწიეთ. ახლა საზოგადოების წინაშე ისევ ის პრობლემები დგას, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს იდგა – ცენზურის, დომინაციის, მედიის გაკონტროლების მცდელობები. ის, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ეს პრობლემა ძალიან მძიმედ იდგა – ეს ჩვენი პრობლემაა და ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. თუმცა ეს ვერ გამოდგება არგუმენტად იმის დასაცავად, რატომ არ წავიწიეთ წინ ამდენი წლის შემდეგ. 2008 წლამდე ჩვენ გვქონდა ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც ძალიან კრიტიკული იყო და ჩვენთვისვე კარგი იქნებოდა, რომ ასეთად დარჩენილიყო” – განაცხადა ბოკერიამ.