ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მოწმის სტატუსით დაკითხა.
როგორც ქაცარავამ გამოკითხვაზე შესვლის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას უწყებიდან 2 ივნისს დაუკავშირდნენ და მისვლა სთხოვეს.
“როდესაც ვიკითხე, რასთან დაკავშირებით, მითხრეს, რომ გარეჯთან დაკავშირებით. მეტი დეტალი ჩემთვის უცნობი იყო, არ მითხრეს. დღეს მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტებისგან გავიგე, რომ თურმე, ეთნიკური შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებით უნდა დავიკითხო.
იყო მუქარები იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით, იყო მუქარები ოჯახთან დაკავშირებით. ეს ჩემი დაშინების მცდელობაა”, – ამბობს ქაცარავა.
შეგახსენებთ რომ, სუს-მა 30 მაისს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.