ერთ დროს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და აქტიური წარმომადგენელი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციას მიმართავს და წერს, რომ ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. მისი თქმით, მაშინ როცა ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა, პოლიტიკური ოპოზიცია არარსებული თანამდებობების და მანდატების გაყოფითაა დაკავებული.
“ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ესენი პილიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობების და მანდატების გაყოფით არიან დაკავებულნი. გონს მოდით დროზე! სულ ფეხებზე კიდია ხალხს რაზე შეთანხმდებით და რაზე ვერა. რეალურ, ხალხისა და ქვეყნის პრობლემებს მიხედეთ! უდიდესი გასაჭირია ხალხში! ეგრე რომც შეთანხმდეთ, ნულების ჯამიც და ნამრავლიც ნულის ტოლია!
როგორც ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” ერთგული მხარდამჭერი მოგიწოდებთ:
1 – დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ამ ვითომ ერთობის ტაკიმასხარობაში მონაწილეობა! ერთობა კარგია, მაგრამ მხოლოდ მათთან ვინც შემოგიერთდებათ. ყველა ნაყარნუყართან და არარაობასთან ერთად ჯდომა და ღლიცინი სამარცხვინოა.
2 – დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პოლიტიკურ პროცესზე, გარიგებებზე, კონსულტაციებზე, ერთმანეთში შეთანხმებებზე და უთანხმოებებზე საჯარო გამოსვლები. მითუმეტეს შეწყვიტეთ თანამდებობებზე და საარჩევნო სიებზე ლაპარაკი. ხალხს ეზიზღება პოლიტიკური პროცესი, ამ თემაზე გაკეთებული ყველა განცხადება გაჩიავებთ და მხოლოდ იმ მოსაზრებას ამყარებს, რომ ზრუნავთ საკუთარ თავზე, საკუთარ თანამდებობებზე და სავარძლებზე. ეს გულის ამრევია. (არადა ვიცი, რომ ასე არ არის).
3 – იბრძოლეთ იქ სადაც ხალხს უჭირს, იყავით იქ სადაც ხალხის და ქვეყნის ნამდვილი პრობლემებია! იჩხუბეთ იქ სადაც ქვეყანა ინგრევა! ხალხი შიმშილის ზღვარზეა და უამრავი უდიდესი პრობლემაა რაზეც უნდა უწყვეტად, ხმის ჩახლეჩვამდე ხაოდეთ… და არა ტრიბუნასთან ოფისში ბრიფინგებით, არამედ ადგილებზე! სოციალური სასოწარკვეთა სუფევს ქვეყანაში. ხალხს საკუთარი ხმის გაგონება უნდა და არა თქვენი!
4 – მუდმივად ამხილეთ, უწყვეტად ამხილეთ და კიდევ ამხილეთ ივანიშვილი, გახარია და მათი მოღალატე, მატყუარა, გადამგდები, გაღორებული მთავრობის ყველა წევრი, ყველა მავნებლობა, ყველა ბოროტება! არ დაიღალოთ მხილებით!” – წერს გიორგი არველაძე.
რედაქციისგან: ჩამონათვალში ასევე იყო მე-5 პუნქტიც, რომელიც რედაქციის გადაწყვეტილებით სპეციალურად არის ამოღებული, გამომდინარე იქედან, რომ იყო ისეთი სახის მოწოდებები, რისი გამოქვეყნებაც ფართო აუდიტორიისთვის, ეწინააღმდეგება ჟურნალისტური ეთიკის საერთაშორისო ნორმებს და ამიტომ მისი გამოქვეყნება რედაქციამ საჭიროდ არ ჩათვალა.