თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლენილი ოთხი ახალი შემთხვევიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან დაკავშირებით არის შემოტანილი, ანუ ე.წ. იმპორტირებული შემთხვევა, არ არიან საქართველოს მოქალაქეები“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 147 კოვიდდადასტურებული მკურნალობს.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 800 შემთხვევა არის დადასტურებული. ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 640-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.