ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაითანხმეთ ვინმემ, ან ერთად ყველამ ლელო…” – დავით ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი, სოციალურ ქსელში მომავალ არჩევნებში მანდატების გადანაწილების საკითხზე საუბრობს და მოძრაობა “ლელოს” ირგვლივ ატეხილ პოლიტიკურ დაპირისპირებებს ეხმაურება. “რა შეცვალა “ლელოს” ოფიციალურმა განცხადებამ, რომ 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში ეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები? – კითხვას სვამს ბერძენიშვილი და ცდილობს ახსნას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა შეიძლება იყოს გამოსავალი.

“რეაქციები არის სხვადასხვა. ნაცმოძრაობამ, რესპებმა, თავდემებმა (ალბათ, გამომრჩა ზოგი) გუშინ და დღეს მკაფიოდ, დათქმების გარეშე თქვეს, რომ ლელოს პირობა არ მოუცია და, შესაბამისად არც დაურღვევია, და რომ მეორე ტურში ოპოზიციური ერთიანობა საჭიროა ხელისუფლების შესაცვლელად. კი გვერჩია, ოლქების საკმაო ნაწილი ყოფილიყო შეთანხმებული, მაგრამ ასეც შეიძლება გამარჯვება”. – აცხადებს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, “გირჩის” ლიდერები მკაფიო ტექსტით ამბობენ, რომ ახალი რეალობაა და აპრიორი არ დაუჭერენ მხარს მეორე ტურში გასულ შეუთანხმებელ ოპოზიციონერებს.
“სახელისუფლებო და ოპოზიციურ კანდიდატებს ჩამოვუვლით და გავარკვევთ, რომელი დაგვეხმარება გირჩის პროგრამის გატანაშიო, მაგის მიხედვით დავუჭერთ მხარს სახელისუფლებო თუ ოპოზიციონერ კანდიდატსო, ბრძანა იაგო ხვიჩიამ დღეს რუსთავი 2-ზე (ეს ხომ გირჩის ახალი პოზიცია არაა, ზამთარში სიტყვასისტყვით, იგივე თქვა TV პირველის ეთერში). ნიკა მელიას, გუბაზ სანიკიძის, დათო ბერძენიშვილის რიტორიკა შეცვლილიაო, ამბობს გირჩის ორივე ხელმძღვანელი.” – წერს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი.

ბერძენიშვილის აზრით, უკეთესი იქნებოდა ოლქების დაახლოებით 2/3-ში, ნახევარში მაინც პროდასავლური ოპოზიცია გასულიყო შეთანხმებული კანდიდატებით, ასე ოპოზიციის მოგების შანსი იქნებოდა მეტი. მისი თქმით, “ლელოს” გადაწყვეტილებაც არაა ტრაგედია და საჭიროა, მეორე ტურებში შეთანხმება და “ლელოც” ადასტურებს მეორე ტურში ოპოზიციურ ერთიანობას. გირჩი პირიქით, ემიჯნება.

“აგერ, დეპუტატმა ჭიჭინაძემ ბრძანა, ისანში ქოცსაც მოვუგებ ოლქს და ნაცსაცო, ყველასო. სხვა დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც განაცხადეს, რომ ემზადებიან არჩევნებისთვის სხვადასხვა ფორმით. ხომ დარწმუნებული ვართ, რომ ოლქების უმრავლესობაში იქნება არასახელისუფლებო კანდიდატების ცვენა. სწორედ ამიტომ არ ვვარაუდობდი პირველ ტურში გამარჯვებებს”. – აღნიშნავს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ელემენტარული საარჩევნო არითმეტიკა გვაჩვენებს, რომ “ლელოს” და სხვათა კანდიდატობით კონკურენციის პირობებში ნაწილობრივ შეთანხმებული კანდიდატის პირველივე ტურში გამარჯვების ალბათობა ძალიან მცირეა.

“რაც უფრო სუსტი პარტიის ნომრით გამოდის ნაწილობრივ შეთანხმებული კანდიდატი, მით უფრო მცირდება მოგების ალბათობა, თითქმის განულებულია”. – აცხადებს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, 2012 წლის არჩევნები ანალოგიად რომ არ გამოგვადგება, ვიცით. ხმების 95%-ს ვერ აიღებს ხელისუფლება/ლიდერი ოპოზიციური გაერთიანება ჯამურად. მათი ჯამი 70–80%-ს შორის იქნება (სტატისტიკა ულმობელია, ფაქტი ჯიუტია…”მით უარესი ფაქტებისთვის”, არ გამოვა). ვერ მოიგებს პირველ ტურში მხოლოდ რამდენიმე პარტიის მიერ შეთანხმებული კანდიდატი, რასაც ის აიღებს, მის თანაზომად ხმებს აიღებენ სხვა არასახელისუფლებო კანდიდატები ჯამურად (გნებავთ მაჟორიტარული არჩევნები გაიხსენეთ უამრავი, გნებავთ საპრეზიდენტო 2008 თუ 2018). ამასთანავე, ნაცმოძრაობის ბლოკზე სუსტი სუბიექტის ძლიერ კანდიდატებს შეუძლიათ გაუსწრონ მაინც 5 ნომრიან კანდიდატს”. – წერს რესპუბლიკელთა ლიდერი.

იგი თვლის, რომ “ნაცმოძრაობის” დადანაშაულება “ლელოს”, “გირჩის”, სხვათა მიერ შექმნილ ახალ რეალობაში, არც სამართლიანია და არც გამსვლელი. მისი აზრით, “ნაცების” ბრალი არაა, თუ სხვებზე ძლიერები არიან.

“მეც მერჩია, რესპებს მეტი ძალა გვქონოდა, მაგრამ რეალობის ადეკვატურად ვიქცევი. მეორე ტურებში გასვლის, ოლქის მოგების ალბათობა ნაცბლოკის კანდიდატებს ექნებოდათ მაღალი საერთოოპოზიციური შეთანხმების პირობებში. 30-დან ნახევარზე მეტი ხომ ნაცბლოკის კანდიდატები იქნებოდნენ? ხომ ასე იყო ნავარაუდევი? ეს ხომ მთელი ქვეყნის მოცვას ნიშნავდა, ყოველ მეორე ოლქში (კიდე მეტში) კენჭისყრას? და სხვა ოპოზიციონერებით მხარდაჭრილი ნაცკანდიდატების გამარჯვების შანსები ხომ მეტი იქნებოდა, თუნდაც 20 ან მეტი ნაცკანდიდატის შანსია, როცა ამდენი ოპოზიციონერი კონკურენტია? ეს ხომ მარტივად ითვლება?” – სვამს კითხვას ბერძენიშვილი.

“დაითანხმეთ ვინმემ, ან ერთად ყველამ ლელო, შემოვიდეს ოლქების განაწილების ფორმატში. დარწმუნებული ვარ, ნაცბლოკი ამით მხოლოდ გაიხარებს. მომგებიანია მისთვის და იმიტომ. მეტი გარანტირებული მანდატი ექნება”. – წერს ბერძენიშვილი, რომელიც თვლის, რომ ირიბი თუ პირდაპირი ბრალდება, ნაცების ბრალია ლელოს საქციელიო, არც კორექტულია და არც სწორი და თუ ეს გაგრძელდება, იქნება ღიმილისმომგვრელი.

ბერძენიშვილის აზრით, ბლეფია სააკაშვილის ბუად გამოყენება როგორც ქოცების, ისე ზოგი ოპოზიციური ჯგუფის მიერ. არ ემუქრება 2020-ის არჩევნების შედეგად ყოფილი პრეზიდენტის დიქტატურა ქვეყანას და ეს მშვენივრად იციან ოპოზიციონერმა პარტნიორ/კონკურენტებმა.

“რაღა დარჩა? მმართველი კოალიციის ლიდერი ძალა ნაცბლოკი რატო უნდა იყოს? ეს კითხვა დაუსვით ამომრჩეველს. რესპებს ამჟამად ბევრის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ იმდენი კი ვიცით, რეალობაც დავინახოთ სწორად და კორექტულებიც ვიყოთ პოლიტიკაში. ჩვენი ამჟამინდელი სისუსტე არაა ჩვენთვის ტრაგედია, 42-ის გავხდით წელს, მარათონელები ვართ. სხვებსაც გისურვებთ დღეგრძელობას”. – წერს დავით ბერძენიშვილი.

იტვირთბა....