ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება” – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ინფიცირების შემთხვევების ეპიზოდური მატება არ მიუთითებს, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაიკარგა. ამის შესახებ გაბუნიამ, “პალიტრანიუსის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შემთხვევები რისკ ჯგუფებს უკავშირდება.

„აქტიური პაციენტების რაოდენობა დღეს მაღალი არ არის. ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ეპიზოდურად შემთხვევების მატება, როგორც გვქონდა გუშინ, როდესაც 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, არც ერთ შემთხვევაში არ მიუთითებს იმას, რომ სიტუაციაზე კონტროლი რამენაირად დაიკარგა, თუმცა ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი რჩება ჩვენთან ერთად, ჩვენ გარშემო, ამდენად, ყურადღება გვმართებს და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული იმისთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დროულად მოხდეს ვირუსის გამოვლენა.

საყურადღებოა, რომ ვირუსი, რომელიც მომატებული სახით გვქონდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკავშირდებოდა ცხელ წერტილებს – ეს იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტი, პაციენტებში საკარანტინე სივრციდან, ასევე, ეს ახალი კლასტერი უკავშირდება სამედიცინო პერსონალს. აქამდე ვიცოდით, რომ ეს სამივე ჯგუფი მაღალი რისკისაა, ამდენად, ამგვარი მატება არ უკავშირდება ჯერჯერობით ზომების შერბილებას და ისევ და ისევ დაკავშირებულია მაღალი რისკის ჯგუფებთან, რაც, ვფიქრობ, სამომავლოდაც მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება, რადგან ამ ჯგუფებში მოსალოდნელია შემთხვევების მეტი რაოდენობა ვიდრე ზოგად პოპულაციებში“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ტურიზმის გახსნას, გაბუნიას განცხადებით, ამ საკითხზე მოლაპარაკება მხოლოდ მწვანე სტატუსის ქვეყნებთან ხდება.

„ტურისტების ნაკადების რეგულირება მოხდება კეთილსაიმედო, ანუ მწვანე ქვეყნებიდან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვეყნებს შორის მოლაპარაკება. ის ქვეყნები, რომლებიც კარგად აკონტროლებენ ეპიდემიას და აქვთ გარანტიები, რომ მათი მოქალაქეები იქნებიან დაცული და ნაკლებად გახდებიან სხვა ქვეყნებისთვის ინფიცირების წყარო, ასეთი ქვეყნებიდან წახალისდება ქვეყანაში ტურისტების შემოსვლა და არა იმ ქვეყნებიდან, სადაც მაღალია კოვიდინფიცირების გავრცელება.

ბევრი იყო მსჯელობა, უნდა დაექვემდებარონ თუ არა ტურისტები ტესტირებას ქვეყანაში შემოსვლის მომენტში, რეკომენდაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, შემოსვლის მომენტში ტესტირების შესახებ არ იძლევა, რადგან ტესტირების პასუხის ხანდაზმულობა შეზღუდულია, როდესაც ჩავატარებთ ტესტირებას შემოსვლის წერტილში, გარანტია, რომ არ გამოვლინდება ვირუსი, არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონზე, სადაც ტურისტს მოუწევს ყოფნა, ვიყოთ მზად და ტურისტს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ტესტირების სერვისებზე“,- განაცხადა გაბუნიამ.

იტვირთბა....