ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ თეა წულუკიანი სიის პირველი ნომერი იქნება, ამით ოპოზიცია იქნება მოგებაში, რადგან მმართველი გუნდი მხარდამჭერთა 10%-ს მაინც დაკარგავს.
ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ვინც არ უნდა დაიიშნოს მთავრობაში, ეს არსებითად არაფერს ცვლის და რეალურად ქვეყანას ხელისუფლების შეცვლა ესაჭიროება.
“თეა წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, ეს არის კარგი საჩუქარი ოპოზიციისთვის, ძალიან გაგვიხარდება, 10%-იანი ფორა გვექნება თუნდაც ამ ერთი დანიშვნის გამო.
10 ნობელის ლაურეატი რომ დანიშნონ მთავრობაში ამ არაფორმალური და ჩამონგრეული მმართველობითი ვერტიკალის პირობებში საქართველოს არაფერი ეშველება. ერთადერთი გამოსავალი არის ამ ხელისუფლებოს შეცვლა, ხოლო თუ თეა წულუკიანი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და სიის პირველი ნომერი იქნება, ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს ოპოზიციას და ქვეყანას.სულ მცირე, ჩათვალეთ, რომ 10% დაკარგული ექნება “ქართულ ოცნებას,”- აცხადებს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი შესაძლოა საპარლამენტო სიის პირველი ნომერი გახდეს და პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიონ.