შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კომენტარი გააკეთა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „წნელისის მიმართულებით 29 მაისს ვერტმფრენმა გადაიფრინა და ანალოგიური შემთხვევა 28 მაისსაც დაფიქსირდა ახალგორთან“.
„ფაქტი ჯიუტია, ფაქტი არის ის, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ეს არის მთავარი გამოწვევა და სწორედ ამ კრიზისის ფონზე, ამ კრიზისის გამოყენებით რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკანონო მოქმედებებს, რომლებსაც არასამართლებრივი და არაჰუმანური სახე აქვს.
ამასთან ერთად, ცხინვალიდან ყოველდღე გვესმის სხვადასხვა სახის პროვოკაციული განცხადებები, რომელიც არის დეზინფორმაცია.
ძალიან კამპანიური ხასიათის არის უკვე ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა. ძალიან შემაშფოთებელია, ყველაფერი ერთად, დეზინფორმაციის კამპანია, შეტევები ლუგარზე, ბორდერიზაცია და ამათან ერთად, ძალიან მკვახე და პროვოკაციული განცხადებები, რომელიც პირიქით, ადანაშაულებს მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც თავად არ ეძლევა საოკუპაციო ხაზს მიღმა შესვლის შესაძლებლობა, რაც არის მის მანდატში.
ეს ყველაფერი ემსახურება დაძაბულობას. აშკარაა, რომ ეს არის ასევე ზეწოლა ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მთლიანად, სახელმწიფოზე. შესაძლებელია, ეს არის მცდელობა, რომ კრიზისი გამოყენებული იყოს მათი არალეგიტიმური ინტერესების გატარებისთვის. რუსეთის ფედერაცია თუ თავად არ ქმნის, იყენებს ხოლმე არსებულ კრიზისებს. სრულიად გაუგონარია, რომ ასეთი კრიზისის დროსაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ერთად უნდა იყოს, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ამგვარ მოქმედებებს“, – გაანცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
“სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს, პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში აცხადებენ.