დეპუტატები დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ელოდებიან, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.
მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების დღოდან სამი თვე გავიდა და საზოგადოებას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია, როგორ იმართებოდა ქვეყანა ამ დროის განმავლობაში. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ ექნებათ მწვავე კითხვებიც.
ამასთან, 29 მაისს მთავრობის მეთაური პარლამენტში უკვე ინტერპელაციის წესით მივა.
ცნობილია ასევე, რომ პრემიერი საკანონმდებლო ორგანოს ივნისის დასაწყისშიც ეწვევა, რომლის დროსაც გიორგი გახარია მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.
პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება.