ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ბრალი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში აქვს წარდგენილი, საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს.
ბასილაშვილის მიმართვას მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა “ფეისბუქში” აქვეყნებს.
როგორც პოსტში წერია, ქართველი ჩოგბურთელი იმედოვნებს, სასამართლოს გზით სიმართლე დადგინდება და ამას საზოგადოებაც გაიგებს.
ბასილასვილი კი მის პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს.
“ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
რაც შეეხება 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე. ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“ , – აცხადებს ბასილაშვილი, რომლის განცხადებასაც ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.
დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.