“ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გავთელოთ”, –ამ განცხადებით ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას კომენტარს ეხმაურება.
ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დაზარალებულ ქალს მხარდაჭერას უცხადებს და სახელმწიფო უწყებებს მისი დაცვისკენ მოუწოდებს“.
„კი ბატონო, დაიწყონ საქმის შესწავლა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ზოგადად, ყველა მხარეს უნდა მოუსმინონ და ასეთი ცალმხრივი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს. არ უნდა დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და არ უნდა იქნეს მოხსენიებული ნიკოლოზ ბასილაშვილი, როგორც მოძალადე, ვინაიდან სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე. ჩვენ არ გვყავს ბევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომ საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია ფეხქვეშ გავთელოთ, ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.