ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს” – სახალხო დამცველი ბასილაშვილის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება

“საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სოციალურ ქსელში წერს.

ნინო ლომჯარია სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, გააკეთონ მაქსიმუმი.

“მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!

მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები”, – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იტვირთბა....