ჯანდაცვის კომიტეტზე, სადაც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სხდომაზე უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე და „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ლევან კობერიძებ განაცხადა, რომ მსგავსი კანონი „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც კი არ მიუღიათ, რის შემდეგაც სოფიო კილაძემ მიმართა შემდეგი ფრაზით – “ნამუსი არ გაქვს?!”.
ლევან კობერიძემ საპასუხოდ მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინა მსგავსი მიმართვისგან.
„ნამუსი არა გაქვს, რა სიტყვებია? მე მგონი, შეურაცხყოფა მე შენთვის არ მომიყენებია და ნამუსი შენსკენ მოიკითხე მაშინ, რა ნამუსი ხომ არ მაქვს, ვერ გავიგე. რა სიტყვებია, ვერ გავიგე. ცოტა დაუწიე ტონს. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და შეურაცხყოფას ასე ნუ აყენებ ადამიანს“, – მიმართა ლევან კობერიძემ სოფიო კილაძეს.
შეგახსენებთ, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, სადაც ნათქვამია, რომ კანონპროექტი ადამიანის ძირითად უფლებების შეზღუდვას ითვალისინებს, რაც მხოლოდდამხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება შეიზღუდოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს.