ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პანდემია არადემოკრატიული ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებების დაუსაბუთებლად შეზუდვისთვის გამოიყენება” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა”

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს ეხმიანება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობას მიენიჭოს უფლებამოსილება, ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს, ეს არაკონსტიტუციურია.

როგორც ორგანიაციაში აღნიშნავენ, კანონპროექტი ადამიანის ძირითად უფლებების შეზღუდვას ითვალისინებს, რაც მხოლოდდამხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება შეიზღუდოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს.

“კანონის პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში შეიძლება შეიზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება; საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება; ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

აღნიშნული უფლებები, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ძირითად უფლებებს წარმოადგენს და მათი შეზღუდვის საფუძველი და წესი კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მაგ. შრომის, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობისა და შეკრების თავისუფლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება შეიზღუდოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს. შეზღუდვის სხვა საფუძველს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ამ უფლებათა შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.

ადამიანის ძირითად უფლებათა ამ მასშტაბის შეზღუდვა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს უნდა ხდებოდეს და სწორედ ამიტომ კონსტიტუცია შეკრების, შრომის, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლებათა შეზღუდვას მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს ითვალისწინებს.,“- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის მხრიდან საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ ვითარებაში მეტია ადამიანის უფლებათა არაპროპროპორციული შეზღუდვის რისკი.

“სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში პარლამენტს ფაქტობრივად არ განუხორციელებია საპარლამენტო კონტროლი და ადამიანის უფლებათა შეზღუდვის პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე არ უმსჯელია.

წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად კი, სრულიად გამორიცხულია ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა. საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, პანდემიასთან ბრძოლის მიზეზით გაუმართლებელია არაკონსტიტუცური კანონების მიღება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე აკნინებს პარლამენტის როლს. პარლამენტის როლი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ კრიტიკულ ვითარებაში.

“პანდემია, ისევე, როგორც ნებისმიერი კრიტიკული მდგომარეობა, არადემოკრატიული ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებების დაუსაბუთებლად შეზუდვისთვის გამოიყენება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდება. აღსანიშნავია ასევე, რომ საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა, მათ შორის გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების, უზრუნველყოფა,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის.

იტვირთბა....